გაიზარდა თუ არა ბუნებრივი გაზის ტარიფი: მომხმარებლები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.
უწყების განმარტებით, გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
ასევე სხვა ფაქტორები, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მიმართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა; შეფასდება დარიცხვის კანონიერება; მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე.
საქართველოს უმრავლეს რაიონში ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში, გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი კი 54 თეთრს შეადგენს.