თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქანაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.
"ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს", – აღნიშნა მინისტრმა.
მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება.
"მაქსიმალურად შევინარჩუნებთ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო "საბჭო" და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. რეფორმების პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება.
ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.