ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, გაუპატიურებას, არაადამიანურ მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 21 წლის პირს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.