თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დასავლეთ ევროპა ღიად ემზადება რუსეთთან ომისთვის, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომები სულ უფრო მეტად სამხედრო შეხვედრებს ემსგავსება.
„ვხედავ, რაც ხდება ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე და შემიძლია თამამად ვთქვა: ისინი ომისთვის ემზადებიან“, - განაცხადა ორბანმა მიშკოლცში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას. ღონისძიება ტელეარხმა M1-ის ეთერში გადაიცემოდა.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არის არა პოლიტიკური დისკუსიები, არამედ „სამხედრო საბჭოებია“, სადაც უნგრეთზე მნიშვნელოვნად დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, განიხილავენ, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი „რუსების დამარცხებას“.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სხდომებზე განიხილება რუსეთის მხრიდან შესაძლო რეპარაციები და იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც უკრაინაში ამჟამად იგზავნება. „ამგვარად, დასავლეთ ევროპაში ომისთვის რეალური მზადება მიმდინარეობს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევის რისკი „ყოველდღიურ საფრთხეს“ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობის ნებისმიერი მომავალი გეგმის მთავარი პრიორიტეტები რჩება „ნეიტრალიტეტის შენარჩუნება“ და „უკრაინაში უნგრული სახსრების გადარიცხვაზე უარის თქმა“.
ორბანი ადრეც აცხადებდა, რომ ევროპელი ლიდერები სერიოზულად განიხილავენ 2030 წლისთვის რუსეთთან ომის შესაძლებლობას.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროპასთან ომის დაწყებას, მაგრამ რუსეთი მზადაა საპასუხო ზომები მიიღოს ევროპული ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში.