თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს და საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 28 წლის მამაკაცი 7 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული და უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრალდებულმა სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდეგ გერმანიის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით, ასევე ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებული ესკორტირებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე, სადაც მისი ქვეყნიდან გაძევების ღონისძიება განხორციელდა.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
ახალი წესების თანახმად:
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.