თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პოლიციამ ქარელში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთ-ერთი დაკავებული 25 წლისა, ხოლო მეორე - 35 წლის. ის წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ მასპინძელის ფული მოპარეს. ეს სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
მასპინძელმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკვა სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი წაართვეს და მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.