თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა, მას შემდეგ რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლივარიული რესპუბლიკის ლიდერი ნიკოლას მადურო ტყვედ აიყვანეს, ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობა დაიწყეს, იტყობინება Wall Street Journal.
გეგმაზე მუშაობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის მდივანი პიტ ჰეგსეთი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი. მათ უნდა ჩამოაყალიბონ „დროებითი სამთავრობო სტრუქტურა“, რომლის ფუნქციებში შევა ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიისა და სტაბილურობის აღდგენა.
შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს ხელისუფლების უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გადაცემას.
კვირას ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რესპუბლიკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და ფუნქციას განახორციელებს. შაბათს, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელა არასდროს დაუბრუნდება კოლონიის მდგომარეობას.
შაბათს, 3 იანვარს, აშშ-მ კარაკასში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის სპეცსამსახურებმა მადურო და მისი მეუღლე შეიპყრეს და აშშ-ში გადაიყვანეს.