საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა

კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2026 წლის 1 იანვრიდან რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ და სამსახურმა არსებობა შეწყვიტა.
ასე მაგალითად, კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება.
კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი საქმიანობა კურორტების განვითარება და პოპულარიზაცია იყო. სააგენტოს მოვალეობებში ასევე შედის ტურისტული რუკების მომზადება და კურორტების პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა.
ასევე გაუქმდება ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები ეკონომიკის მინისტრის მრჩეველს გადაეცემა.
ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში 2015 წელს შემოიღეს და მისი ფუნქცია იყო სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა, მეწარმეთა უფლებების დაცვა და მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებული დარღვევების გამოვლენა.
მთავარი სიახლე საქართველოს 2 მარტს ელის, როდესაც გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა და მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და საჯარო პირების ფინანსების კონტროლი, ასევე გრანტების მონიტორინგი და „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის ზედამხედველობას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.