თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირანების რაოდენობა უკვე 500 ინდივიდს აჭარბებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალგაზრდა თაობა ბალახში იმალება, რის გამოც ფოტოხაფანგი ვერ „იჭერს“ ცხოველებს, მაგრამ პატარა ჯეირანების შორისდან დაფიქსირება მაინც მოხერხდა.
ქურციკის, იგივე ჯეირანის აღდგენის პროგრამა, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში ურბანიზაციის და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.
პირველი თაობა, ათი ჯეირანი, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუშვეს ისტორიულ გარემოში — სამუხის ველზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ ჯეირნების რაოდენობაზე და მათთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.
ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. მათი აზრით, ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაუმჯობესება ამ ცხოველების გარეშე შეუძლებელია.