თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება, შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამასთან, პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან ერთჯერადად გათავისუფლდება, თუმცა იგი სახდელდადებულად მაინც მიიჩნევა.
ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
კანონპროექტის თანახმად, შსს უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს შსს-ს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამასთან, იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.
კანონპროექტის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.