თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 21 და 36 წლის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანებას, ასევე თაღლითობის მცდელობას ედავება.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თაღლითური სქემა შეიმუშავეს.
კერძოდ, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში საკუთარი ავტომობილებით ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი რუსთავში მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სსკ-ის 187-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.