თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის წარმართვას სანებართვო პირობების შესაბამისად.
„კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით მაქსიმალურად მოხდება სამშენებლო დარღვევების პრევენცია.
„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 ათასი ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს თავად მშენებლობას და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.
დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი მიმდინარეობს – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.
ბოლო წლებში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები 3-12 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.