თბილისი, 11 თბილისი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია შინაგან საქმეთ სამინისტროს განცხადებაში
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
„ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი ფაქტი დაადასტურა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, ის აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც დაბლა ვარდნა დაიწყო. ავიაკატასტოფას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.