თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა გუშინ, 5 ნოემბერს გაიხსნა. საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება ჩინეთის მიმართულებით და ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება. გავესაუბრეთ ქართველ მეწარმეებს და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ტრადიციებს, კულტურას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე ქართულ სამზარეულოს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის მასტერკლასებში. ქართული საგამოფენო სივრცეები სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და კულტურულ ღონისძიებებსაც სთავაზობს.
ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.