ბულგარეთიდან ნარკოტიკები ცეცხლმაქრით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - 1 კგ „კოკაინი“, 2 ათას აბზე მეტი ,,მდმა", 2 კგ ,,მდმას" კრისტალები, 2 კგ-მდე „კლეფერდრონი“, 1 კგ „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ"-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.