თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან, ნათქვამია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საპარლამენტო ასამბლეის (Euronest) მე-12 პლენარული სესია, ასევე ბიუროსა და კომიტეტის სხდომები, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან", - დაწერა მახაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ქართული მხარე შეშფოთებულია ევროპარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარქვეშ მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების შედეგების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას.
„ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს", - დაწერა მახაშვილმა.
მან მოუწოდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, დაფიქრდეს ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ საკითხებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო ხშირად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ.
„ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ უერთდებოდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს", - დაწერა მახაშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ პარტნიორი ქვეყნების უმეტესობა არ მონაწილეობს დაგეგმილ სესიაში, უნდა გახდეს სერიოზული სიგნალი იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელ მიდგომა არასწორია.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ამ ეტაპზე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ, საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ასეული წარმომადგენლის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესეს.