პოლიციამ მცხეთაში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინა

სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია ორი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ალფა-პვპ", „მეფედრონი" და „კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ისე სითხის სახით.
„კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს”, - აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
პოლიციამ 35 გრამამდე „ალფა-პვპ", ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე „მეფედრონის" სითხე ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.
გამოძიება სსკ-ის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.