თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და მუქარას ედავება.
შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის 19 ოტომბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას მამა-შვილს - 20 და 43 წლის პირებს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ამავე დაპირისპირებისას დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.