თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 37 წლის პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულზე 2025 წლის 22 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებული ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.