ჩხრეკა ექს-პრემიერის და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში: დააკავეს თუ არა ისინი

17 ოქტომბერს ჩატარდა 11 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რვა პირიდან, რომელთა საცხოვრებელ სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებული არავინ არის, იუწყება „პირველი არხი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დილიდან ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
სუსის ცნობით, ისინი ამოღებული ნივთების შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან, თუმცა დაკითხვა დღეს არ იგეგმება.
„ამოღებული ელექტრომოწყობილობებისა და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, – განაცხადეს სუს-ში.
გენპროკურორის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 17 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად, 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გვარაკიძემ.
გვარაკიძის თქმით, ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისიძიებები.