თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს, შესაბამისად, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა აქციის ხუთივე ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
საგამოძიებო მოქმედებები და დაკავებები გრძელდება.