თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც მის იდენტობას შეესაბამება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ვოლსკი გამოეხმაურა ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას, რომელიც არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს. ლგბტქ+ მხარდამჭერ სტრატეგიას ხელი მოაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ბრიუსელი კი წევრ-სახელმწიფოებს, დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა.
„ერთიც უნდა გვახსოვდეს: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც შეესაბამება მის კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ახლა უკვე ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ლგბტ-პროპაგანდის შესახებ სიმართლეს ამბობდა, ოპონენტები კი მმართველ პარტიას ტყუილში ადანაშაულებდნენ.
„ის ადამიანები გამოვიდნენ და გაგვცენ ახლა პასუხი, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა ჩვენ ვავრცელებდით ტყუილებს ლგბტ-პროპაგანდის თემასთან დაკავშირებით და რომ ეს სექსუალური აღზრდის თემა არის მოგონილი და ევროპას მსგავსი არაფერი ახასიათებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართული ოცნება" ქვეყნის საგარეო პოლიტიკუ კურსს არ ცვლის.
რაც შეეხება პარტია „გაერთიანებული ნეიტრალური საქართველოს“ წინადადებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, დეპუტატის თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია.
„რაც შეეხება რეფერენდუმს, რასაკვირველია, სერიოზული თემაა, ამასთან დაკავშირებით დაფიქრება გვმართებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.