დაკავებები გრძელდება: სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს

შამახიას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შამახია გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე გამზირზე დააკავეს - კუდ-ის ყოფილ უფროსს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაშავდა.
4 ოქტომბერ, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.