გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციელებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გერმანიაში, მემინგენის აეროპორტში საქართველოს 55 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში შეუფერებლად იქცეოდა, ეკიპაჟის მითითებებს არ ემორჩილებოდა და პილოტმა ის აფრენის წინ ბორტიდან ჩამოსვა.
პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, მან ტერმინალის დატოვებაზე უარი განაცხადა და სხვა მგზავრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, პოლიციის თანამშრომლებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით აღიძრა. მან 2 ათასი ევროს ოდენობის გირაოს ნებაყოფლობით გადახდაზე და მომსახურების აგენტის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მამაკაცი რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა. ის ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.