12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი": შსს-მ ორი პირი დააკავა

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 15 სექტემბერს თბილისში ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი" ამოიღეს, ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 66 წლის პირია, მეორე კი - ლატვიის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს - მათ შორის, 12 ათასამდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, „მდმა" და „მარიხუანა“.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.