მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს: დეპუტატი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მოწოდებებზე

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებში ჯდება, რადგან მან ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
„ხაბეიშვილის ქცევა პირდაპირ ჯდება იმ დისპოზიციასთან, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი გვეუბნება მისი საჯარო შეთავაზების თვალსაზრისით. არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თაავად ლევან ხაბეიშვილმა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია - ძალმომრეობითი, ძალადობრივი რევოლუცია, ძალადობრივი დამხობა, რომლის უფლებაც საქართველოში არავის გააჩნია.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეე ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის საქმეზე 11 სექტემბერს დააკავეს.
13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.