თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.- ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 50 ათასამდე პირველკლასელია.
,,ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის სახელმწიფო აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.
„ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ისე სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს“, - განაცხადა მინისტრმა.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
სწავლის დაწყების თარიღის გადატანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვევა. ასეთ დროს სწავლა 15 სექტემბრის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.