ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 57 წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობას, საქართველოში უკანონოდ შემოტანას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას ედავება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.