შსს-მ კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, აღნიშნული მუხლი 3 წალმდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან არსებული საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე - 8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მანამდე შსს-მ 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მოგვიანებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.