თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულ ქალებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. უწყების ცნობით, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.
გამოძიების მიხედვით, აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.