„პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია": პრემიერმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა

მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.
წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31.704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ", – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.
დღეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 2025 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა კი 5 ათასამდე გამოსაცდელი.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდა - ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.