შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შავი ზღვის სანაპიროზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.
„ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში. დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.
წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. საჭიროების შემთხვევაში კი მუდმივად მზადყოფნაშია 40-ზე მეტი მცურავი საშუალება.
აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.