ჯანდაცვა: წლის ბოლომდე რეგიონებში 15 ახალი ამბულატორიული კლინიკა გაჩნდება

ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში ამბულატორიული კლინიკების აშენებას გეგმავს - პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ამბულატორიული კლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობასა და რემონტს ითვალისწინებს, 2019 წელს დაიწყო. პროგრამის ამოქმედების პირველ წელს 300-მდე ამბულატორიული კლინიკა გარემონტდა. პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 20 მილიონ ლარამდე გამოიყო.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმერეთის რეგიონში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირს ეწვია და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მისი თქმით, ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება „სოფლის ექიმის“ პროგრამის განვითარებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მომსახურებას უშუალოდ სოფლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენისთვის.