მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება

პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად პოლიციას არალეგალების გამოვლენის მიზნით მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილების შემოწმების უფლება ექნება.
გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდნენ სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
„მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო, უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
შემოწმების პროცედურები
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.
პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს.
ახალი წესები უცხოელებისთვის
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მყოფ ყველა უცხოელს სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აეკრძალება. ამავდროულად, ხელისუფლება უცხოელთა სამუშაო პროფესიების ჩამონათვალს შეზღუდავს.
1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აეკრძალებათ საქართველოში ვიზიტი. აღნიშნული კანონდარღვევისთვის ჯარიმები თითქმის ათჯერ იზრდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ასევე შეიძლება გააძევონ საქართველოდან და აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა ისეთი კანონდარღვევებისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა.