არ შეგეშინდეთ გამოწვევების: განათლების მინისტრამა აბიტურიენტებს მიმართა

დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია, განაცხადა გივი მიქანაძემ.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
„გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას", – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია.
„ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით", - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთლა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება", - აღნიშნა წერეთელმა.
2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.