თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარშრუტით ერევანი–ბათუმი–ერევანი სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
ერევანსა და აჭარას შორის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა" და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებს შორის 20 მაისს ერევანში გამართულ შეხვედაზე.
მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს: ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში, ხოლო ბათუმიდან კენტ რიცხვებში. მგზავრობის დრო 16 საათი იქნება.
ერევანი-ბათუმი-ერევნის რკინიგზის მარშრუტის დანერგვას ტურისტული მნიშვნელობა აქვს და იგი 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში იქნება ძალაში. აღნიშნულ პერიოდში ერევანი-თბილისის მარშრუტი გაუქმდება.
ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება - მათი შეძენა შესაძლებელია როგორც სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის სადგურებში, ისე ონლაინ. ბილეთის ფასი ჯერ ცნობილი არ არის.