კობახიძე: ჩვენ ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით იღებენ.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 მაისს ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.
„ესტონეთს მანამდეც აქვს სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.
2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
აღნიშნულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტში ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს.
ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.