თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 32 წლის ასაკის პირებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.