შიდა ქართლში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 33 და 34 წლის მამაკაცებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "კოკაინი", "მეტადონი", "სუბოტექსი", "ტრამადოლი", "ლირიკა", "ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.