საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება: რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ სიახლე

საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 17 ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული პირობების დაცვით შეეძლებათ, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, ყატარის, ქუვეითის სახელმწიფოებისა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
ამ პირობებით ქვეყანაში შემოსვლაზე შეღავათებს მიიღებენ ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერითრეის, იემენის, კამერუნის, კოტ-დ'ივუარის, კონგოს, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის და უგანდის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვრის კვეთისთვის ვიზა ესაჭიროებათ.
საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ომანიდან გაიზარდა 82,1%-ით, ბაჰრეინიდან - 68,2%-ით, ქუვეითიდან - 38,9%-ით, საუდის არაბეთიდან - 21%-ით და ყატარიდან - 12,3%-ით. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კი ვიზიტორების რაოდენობა 4,8%-ით შემცირდა.