როგორ შეამოწმებენ მოქალაქეებს ნარკოტიკებზე – ახალი წესები

შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენის უფლება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებებს პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი და გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
როგორ მოხდება შემოწმება
შემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
მოქალაქეს უფლება ექნება უარი თქვას პოლიციელთან ერთად წასვლაზე, მაგრამ შემდეგ იგი ვალდებული იქნება, უარის თქმიდან ოთხი საათის განმავლობაში გაიაროს შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტში ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია დასრულებული შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.
თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.