თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. წმინდა ცეცხლს, რომლის გარდამოსვლასაც ქართველი მორწმუნეებიც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ისრაელიდან საქართველოში ღამით 19 აპრილს Georgian Airways-ის რეგულარული რეისით ჩამოიტანენ.
ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელ ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.
წელსაც ქართველი მომლოცველები და სასულიერო პირები დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიას და პირადად ჩამოიტანენ მას საქართველოში.
თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დროით, 23:40 საათზე დაეშვება.
ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, საიდანაც მომლოცველებს მისი შინ წაღების საშუალება ექნებათ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.