თბილისი, 18 აპრილი – Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესების გამკაცრებას და საქართველოდან მათ გაძევებას ეხება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.
სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს.
შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
კანონპროექტის სხვა დეტალები „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.