პრომეთეს მღვიმე დროებით იკეტება

მღვიმეს ყოველწლიურად 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებს 18, 19 და 20 თებერვალს ვერ უმასპინძლებს.
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – "არგონავტების", "კოლხეთის", "მედეას", "სიყვარულის", "პრომეთესა" და "იბერიის" დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
პრომეთეს მღვიმეს ამშვენებს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.