პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრები დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ორი მამაკაცია დაკავებული, მეტსახელად „ხოშტო“ და „ედო“. ერთ ბრალდებულს პოლიცია „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას“ ედავება. კიდევ ორი ადამიანი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზეა დაკავებული.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 48 წლამდეა, არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები.
უწყების ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო - შსს