თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ შშმ პირის სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის იძულებისთვის ორი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში 39 და 48 წლის ქალი და მამაკაცი დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 39 წლის შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.