საქართველოში მწვანე ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა იგეგმება

საქართველო აგრძელებს ინვესტიციების დაბანდებას მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში, რაც მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში აშენდება ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგური, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს და 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიცავს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
იმის შესახებ, რომ Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი" ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს, პრემიერ ირაკლი კობახიძის და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა.
საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ Achar Energy-Eksim Holding-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი საინვესტიციო პოტენციალი და ის ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობისგან აქვთ, საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის.
კომპანია უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.
Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი" საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
ენერგიის განვითარება
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობაზე.
მთავრობა დარგის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავს.
ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მოიცავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1,5 ათასი მეგავატი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას აუქციონის გზით.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით მეტია, ხოლო გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.