თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2025 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 209,7 მილიონი ლარით გაიზრდება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
დეკემბერში დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილიც ქალაქის ინფრასტრუქტურის ხარჯებია.
„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2, 2 მლრდ ლარი შეადგინა", - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, დამატებითი სახსრები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია.
„იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, მერიის ხარჯების დაახლოებით ნახევარი - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებაზე მოხმარდება.
რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებას, თანხების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დედაქალაქში რეგისტრირებულ პირთათვის ინდივიდუალური პროგრამების დაფინანსებასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარებაზე, შშმ პირთა მხარდაჭერაზე და მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე.