თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით საახალწლო უქმეები 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
დადგენილებას, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.
მთავრობის დადგენილებით, 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა და იგი შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.
საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეები, ხოლო 4-5 იანვარი და 11-12 იანვარი კალენდარული უქმე დღეებია. ამრიგად, საახალწლო არდადეგები საქართველოში 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სკოლებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.