თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რვა დეპუტატს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
შესაბამის დადგენილების პროექტებს კანონმდებლებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.
პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის, დავით სონღულაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პირადი განცხადებით მიმართეს პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია, ხუთმა დეპუტატმა კი პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო. დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები მაკა ბოჭორიშვილთან - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილთან - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილთან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, აღნიშნული პირების ადგილმონაცვლეები იქნებიან: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია და გიორგი გუგუჩია.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.